ლარის კურსი კიდევ უფრო დაეცემოდა, რომ არა სახელმწიფოს მიერ აღებული 1.8 მილიარდ დოლარამდე საგარეო ვალი. ამის შესახებ ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე Forbes Georgia-ს 2021 წლის მაისის ნომერში გამოქვეყნებულ მიმოხილვაში აღნიშნავს.
როგორც ნამჩავაძე ამბობს, დოლარის გაყიდვამ, ე.წ. სავალუტო ინტერვენციამ გარკვეულწილად შეაჩერა ლარის გაუფასურება.
„აღებული ვალი ძირითადად ეროვნული ბანკის უცხოურ სავალუტო რეზერვებში აისახა, საიდანაც 2020 წლის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა ადგილობრივ სავალუტო ბაზარზე 873 მლნ დოლარი გაყიდა, 2021 წლის იანვარ-აპრილში კი 243 მლნ დოლარი. პანდემიის დაწყებიდან დაახლოებით ერთ წელიწადში, ჯამში 1.1 მილიარდი დოლარი გაიყიდა. სწორედ დოლარის გაყიდვამ, ე.წ. სავალუტო ინტერვენციამ გარკვეულწილად შეაჩერა ლარის გაუფასურება“, – წერს ნამჩავაძე და დასძენს, რომ ლარის კურსის ცვლილება, საგარეო ვაჭრობა და სხვა საგარეო ეკონომიკური ურთიერთობები ერთობლივად მიმდინარე, დინამიკური პროცესია.
მისივე თქმით, რომ არა ლარის დოლარის მიმართ გაუფასურება, საქართველოს საგარეო ბალანსი (მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი) კიდევ უფრო მეტად უარყოფითი იქნებოდა.
„პანდემიამ საქართველოში დოლარზე მოთხოვნა შეამცირა, რადგან ეკონომიკურმა აქტივობამ და მოხმარებამ (შიდა მოთხოვნა) იკლო. მოხმარების კლება ამცირებს იმპორტირებული პროდუქციის შეძენას და ქვეყნიდან დოლარის გასვლას. შიდა მოთხოვნა კიდევ უფრო შემცირდებოდა, რომ არა მთავრობის მიერ ბიუჯეტის დეფიციტის ზრდა და ახალი სოციალური და სუბსიდირების პროგრამების ამუშავება. ნაწილი ხარჯების ზრდა გამართლებული იყო, რადგან უშემოსავლოდ დარჩენილი მოსახლეობის დასახმარებლად იყო მიმართული, მაგრამ ზოგადად, ხარჯების ზრდას უარყოფითი მხარეც აქვს – ლარის კურსზე ნეგატიური ზეწოლა და სახელმწიფო ვალის ზრდა.
2020 წელს იყო მოლოდინი, რომ პანდემიას ქვეყანა რამდენიმე თვეში დააღწევდა თავს და ის 2021 წელს უმნიშვნელო პრობლემა იქნებოდა. ახლა ამ მოლოდინმა 2022 წლამდე გადაიწია. ამის მთავარი წინაპირობა საქართველოში ვაქცინაციის ჩავარდნილი პროცესია. ვირუსის გავრცელების მინიმიზაციამდე დაკარგული შემოსავლის მთავარი წყარო – ტურიზმი, ვერ აღდგება. საქართველო ვერც იმდენ საგარეო დაფინანსებას მიიღებს, რამდენიც 2020 წელს მიიღო. ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ სახელმწიფო ვალმა ეკონომიკის მიმართ უკვე 65%-ს მიაღწია. რადგან კრიზისი ხანგრძლივია და საგარეო დახმარებები შემცირდა, აღარ არის მიზანშეწონილი, ეროვნულმა ბანკმა ისეთი მოცულობის სავალუტო ინტერვენცია განახორციელოს, როგორიც გასულ წელს“, – მიიჩნევს ბესო ნამჩავაძე.
გარდა ამისა, ეკონომისტი აღნიშნავს, რომ ლარს ცალსახად გაამყარებს ტურიზმის თუნდაც 2019 წლის დონის სანახევროდ აღდგენა.
ცნობისთვის, რამდენიმე თვის შემდეგ, ერთი დოლარის ღირებულება პარასკევის ვაჭრობის შედეგად 3.30 ლარამდე შემცირდა. კერძოდ, აშშ დოლართან მიმართებით კურსის ცვლილებამ 4.81 თეთრი შეადგინა. რაც შეეხება ევროსთან მიმართებას, ეროვნული ვალუტა 4.80 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 4.0414 ლარი გახდა.
Discussion about this post