სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ქვეყნის ან სუვერენული სუბიექტის კრედიტუნარიანობის დამოუკიდებელი შეფასებაა, რომელიც აჩვენებს კონკრეტული ქვეყნისთვის სესხის გაცემასთან დაკავშირებული რისკის დონეს. ქვეყნის მოთხოვნით, საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო აფასებს მის ეკონომიკურ და პოლიტიკურ გარემოს, რის შემდეგაც მას რეიტინგს ანიჭებს. კარგი სუვერენული საკრედიტო რეიტინგის მიღება, როგორც წესი, აუცილებელია განვითარებადი ქვეყნებისთვის, რომელთაც ობლიგაციების საერთაშორისო ბაზრებზე დაფინანსება სურთ. საგარეო ბაზრებზე ობლიგაციების გამოშვების გარდა, ქვეყნების სუვერენული საკრედიტო რეიტინგის მისაღებად კიდევ ერთი საერთო მოტივაცია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაა.
დაბალი საკრედიტო რეიტინგი ნიშნავს, რომ ქვეყანა დგას დეფოლტის (ფინანსური ვალდებულებების გადახდისუუნარობა) მაღალი რისკის წინაშე და მან შესაძლოა, რთულად ან საერთოდ ვერ დააბრუნოს საგარეო ვალი. საკრედიტო რისკის დონე დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, მათ შორის ქვეყნის სესხის მომსახურების კოეფიციენტზე, იმპორტის კოეფიციენტზე, შიდა ფულის მასის ზრდაზე და ა.შ.
Standard & Poor’s-ი, Moody’s-ი და Fitch Ratings-ი სამი ყველაზე გავლენიანი სააგენტოა. რეიტინგები ლათინური ანბანისა და არაბული ციფრების კომბინაციით აღინიშნება და შემდეგნაირად გამოიყურება:https://e.infogram.com/9468c4ae-f7ec-4578-b618-bafa894e2340?parent_url=https%3A%2F%2Fforbes.ge%2Fsaerthashoriso-sakredito-reitingebi-da-mathi-mnishvneloba-saqarthvelosthvis%2F&src=embed#async_embedსაერთაშორისო საკრედიტო რეიტინგები
Infogram
საკრედიტო რეიტინგებზე ძირითადად გავლენას ახდენს ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი, მთავრობის უკვე არსებული ვალი და შემოსავალი, რეალური გაცვლითი კურსის ცვლილებები, ინფლაციის მაჩვენებელი და დეფოლტის ისტორია. ასევე გავლენიანი სააგენტოები ქვეყანაში დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ კორუფციის დონეს, რომელიც საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსში იზომება და ეკონომიკური განვითარებისა და ქვეყნის მმართველობის ხარისხის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია. საკრედიტო სარეიტინგო სააგენტოები იყენებენ როგორც ხარისხობრივ, ისე რაოდენობრივ ტექნიკას ქვეყნის საკრედიტო რეიტინგის დასადგენად. 1996 წელს გამოცემულ ნაშრომში – „საკრედიტო რეიტინგის განმსაზღვრელები და გავლენა” – აღწერილია სხვადასხვა ფაქტორი, რომლებიც ხსნიან სხვადასხვა სარეიტინგო სააგენტოს მიერ მინიჭებულ საკრედიტო რეიტინგებში სხვაობას. ფაქტორები მოიცავს:
ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი
ერთ სულ მოსახლეზე მიღებული შემოსავალი აფასებს კონკრეტულ სფეროში ერთ ადამიანზე მიღებულ შემოსავალს. იგი გამოითვლება მოცემულ არეალში ფიზიკური პირების მიერ მიღებული მთლიანი შემოსავლის გაყოფით ამ რაიონში მცხოვრები ადამიანების რაოდენობის მიხედვით. ერთ სულ მოსახლეზე მაღალი შემოსავალი ნიშნავს მზარდ პოტენციურ საგადასახადო ბაზას, რაც შემდგომში ზრდის მთავრობის შესაძლებლობას, დააბრუნოს დავალიანება.
ქვეყნის მშპ-ის ზრდის ტემპი
გულისხმობს ქვეყნის მშპ-ის პროცენტულ ზრდას ერთი მეოთხედიდან მეორეში. მშპ-ის ზრდა ნიშნავს, რომ ქვეყანა შეძლებს სესხის ვალდებულების შესრულებას, ვინაიდან მშპ-ის ზრდა მთავრობისთვის საგადასახადო შემოსავლების ზრდას იწვევს. ამასთან, თუ ზრდის ტემპი ნეგატიურია, ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკა განიცდის შემცირებას და შესაძლოა, ქვეყანამ სასესხო ვალდებულება ვერ შეასრულოს.
ინფლაციის მაჩვენებელი
სუვერენული ვალები მგრძნობიარეა ინფლაციის მაჩვენებლის ცვლილებების მიმართ და ინფლაციის ზრდა გავლენას მოახდენს ქვეყნის შესაძლებლობაზე, დააფინანსოს თავისი დავალიანება. მაღალი ინფლაციის მაჩვენებელი მიუთითებს სტრუქტურულ პრობლემებზე ქვეყნის ფინანსებში და ამან შესაძლოა, პოლიტიკური არასტაბილურობა გამოიწვიოს, რადგან საზოგადოების უკმაყოფილება ინფლაციის ზრდის პროპორციულად იზრდება.
საგარეო ვალი
ზოგი ქვეყანისთვის (განსაკუთრებით კი საქართველოს მსგავსი განვითარებადი ქვეყნისთვის) საგარეო ვალები საკვანძო როლს ასრულებს განვითარებასა და ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაში. სესხის დონის ზრდა ნიშნავს დეფოლტის უფრო მაღალ რისკს, საგარეო ვალის ტვირთი იზრდება იმ შემთხვევაშიც, თუ ქვეყნის მიერ უცხოურ ვალუტაში აღებული ვალები აღემატება უცხოურ ვალუტაში ექსპორტის შემოსავალს.
ეკონომიკური განვითარება
საკრედიტო სარეიტინგო სააგენტოები ქვეყნის საკრედიტო რეიტინგის განსაზღვრისას განიხილავენ განვითარების დონეს. როგორც წესი, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ მიაღწია განვითარების გარკვეულ დონეს ან ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალს, ნაკლებად მიიჩნევა, რომ იგი ვერ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას, მაგალითად, ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნები ნაკლებად დგანან დეფოლტის რისკის წინაშე, ვიდრე განვითარებადი ქვეყნები.
დეფოლტის ისტორია
იმ ქვეყანას, რომელიც წარსულში არ ასრულებდა სესხის ვალდებულებებს, სარეიტინგო სააგენტოების აზრით, მაღალი საკრედიტო რისკი აქვს. ეს ნიშნავს, რომ დეფოლტის ისტორიის მქონე ქვეყნები იღებენ დაბალ შეფასებას, რაც მათ ნაკლებად მიმზიდველს ხდის ინვესტორებისთვის.
საქართველოს 2020 წლის საკრედიტო რეიტინგი Fitch-ის მიხედვით BB-ია, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი ეკონომიკური გარემო და ჩვენს ქვეყანაში ინვესტირება სარისკოა. BB+ ან მასზე დაბალი რეიტინგები მიჩნეულია ე.წ. “სანაგვის ბონდებად” და ინვესტიციის განხორციელება ასეთ ბონდებში არამიზანშეწონილია. რაც უფრო მაღალია საკრედიტო რისკი, მით მაღალია საპროცენტო განაკვეთი ქვეყნისთვის გაცემულ სესხებზე. რეიტინგის გაუარესება ინვესტიციების შემცირებასა და უცხოეთიდან მოზიდული კაპიტალის გაძვირებაში აისახება, რაც, თავის მხრივ, ქვეყანაში ფულის გაძვირებას იწვევს და შედეგად თითოეული ადამიანისთვის სესხებზე საპროცენტო განაკვეთის ზრდას. მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელთან შედარებით რეიტინგი არ შეცვლილა, შეიცვალა საპროგნოზო მაჩვენებელი სტაბილურიდან უარყოფითისკენ. ასევე BB ნაკლებად იმედის მომცემია, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის ვალი 7 მილიარდი ლარით გაიზარდა, საიდანაც 1.8 მილიარდი ლარი – საშინაო, ხოლო 5.2 მილიარდი ლარი საგარეო ვალია. ამ ყველაფერს ემატება ის, რომ ვალის 77% უცხოურ ვალუტაში გვაქვს აღებული და ქვეყანა გაცვლითი კურსის მერყეობის მიმართ უფრო მოწყვლადია. საგულისხმოა ისიც, რომ ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანსა (BB+) და რუსეთს (BBB) ჩვენზე უკეთესი რეიტინგები აქვთ.
Fitch-ი საქართველოს ეკონომიკისთვის ერთ-ერთ გამოწვევად სწორედ სამთავრობო ვალში უცხოური ვალუტის დიდ წილსა და ქვეყანაში კრედიტების დოლარიზაციის მაღალ ნიშნულს ასახელებს. ქვეყნისთვის ვალის ყოველწლიური მომსახურება უკვე საკმაოდ დიდი ტვირთი ხდება. 2020 წელს ძირისა და პროცენტის დასაფარავად საქართველომ ჯამში დაახლოებით 1.8 მილიარდი გადაიხადა. მთავრობის ვალი ერთ მოსახლეზე 7,400 ლარამდეა.
საქართველოს საკრედიტო რეიტინგის გასაუმჯობესებლად აუცილებელია ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა, საგარეო ფაქტორების მიმართ ეკონომიკის მოწყვლადობის შემცირება, სახელმწიფო სექტორის ვალის შემცირება, რეიტინგის გაუარესება კი შეიძლება მოჰყვეს: საგადასახდელო ბალანსის (საგადასახდელო ბალანსი წარმოადგენს სტატისტიკურ ანგარიშს, რომელიც ასახავს დროის გარკვეულ პერიოდში ქვეყანასა და დანარჩენ მსოფლიოს შორის განხორციელებულ ეკონომიკურ ოპერაციებს, ბალანსი შედგება ორი ძირითადი ანგარიშისაგან და მოიცავს გადახდებს განხორციელებულ: იმპორტსა და ექსპორტზე, საქონელზე, მომსახურებაზე, ფინანსურ კაპიტალსა და სატრანსფერო გადასახადებზე) დეფიციტის ზრდას, ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებლის გაუარესებას, რეგიონსა და ქვეყანაში როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური ვითარების მკვეთრ გაუარესებას.
Discussion about this post