“ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავება არა მარტო რეგიონის, გლობალურ ეკონომიკაზეც იქონიებს გავლენას”
ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში ვითარებაზე ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი, საერთაშორისო საკითხების ექსპერტი გიორგი გობრონიძე საუბრობს.
– ახლო აღმოსავლეთში საუკუნეზე მეტია კრიზისია. ისრაელი და არაბული სამყარო ვერაფრით მორიგებულან, ირანთან დაპირისპირება კი ისრაელის დაარსების დღიდან, ისლამური რევოლუციის შემდეგ დაიწყო. ახლა მორიგ გრძელვადიან მწვავე ეპიზოდს ვადევნებთ თვალს. ისრაელის არმია ცდილობს მოწინააღმდეგეს წერტილოვანი დარტყმები მიაყენოს, ამასობაში კი მათ კონფლიქტს მშვიდობიანი მოსახლეობა ეწირება. საერთაშორისო საზოგადოებრიობამ ყველაფერი უნდა იღონოს, რომ დაძაბულობა განიმუხტოს. პოლიტიკური რეალობა ასეთია: ტერორისტული ორგანიზაცია რეგიონის ერთადერთ ლიბერალურ დემოკრატიას ებრძვის, სახელმწიფოს, რომელიც დაარსების დღიდან იბრძვის გადარჩენისთვის და შეუძლებელია ისრაელი თავს არ იცავდეს. არსებობს წინა პირობები, რომ კონფლიქტი უფრო გამწვავდეს, ან შეიძლება დაზავდნენ, მაგრამ ნებისმიერ დროს მოსალოდნელია ახალი აფეთქება.– ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავება რა საფრთხეს უქმნის საქართველოს?
– ეს დაპირისპირება ისრაელის ეკონომიკას ვერ შეარყევს და არა მგონია ქართველი ემიგრანტები უმუშევრად დარჩნენ, მაგრამ დაზღვეული არავინაა.
ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავება არა მარტო რეგიონის, გლობალურ ეკონომიკაზეც იქონიებს გავლენას. მოსალოდნელია კონფლიქტის ინტენსიფიკაცია, ასევე შესაძლებელია ისრაელმა ლიბანის ინტერვენცია მოინდომოს; ან ისრაელისა და ირანის ურთიერთობა დაიძაბოს.
არ შეიძლება ტერორისტული ორგანიზაცია მძევლად ამყოფებდეს ისრაელისა და პალესტინის მშვიდობიან მოსახლეობას. ხალხს სტაბილური ცხოვრება სურს, მაგრამ ტერორისტული ორგანიზაციებისა და მათი სპონსორების პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა დღის წესრიგმა მათ საკუთარ სახელმწიფოში ღირსეული ცხოვრების შანსი წაართვა.
– როგორი უნდა იყოს ამ სიტუაციაში საქართველოს პოზიცია?– ისრაელი საქართველოს მეგობარი სახელმწიფოა, მასთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა გვაქვს. არ შეიძლება გამართლება მოეძებნოს ტერორისტული ორგანიზაციის აგრესიას. ამიტომ ჩვენი პოზიცია სწორია – საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო ტერორისტული ორგანიზაცია “ჰამასის” სარაკეტო თავდასხმა ისრაელის სამოქალაქო ობიექტებზე. ეს იმასაც გულისხმობს, რომ ჩვენი სახელმწიფო აგრძელებს თავის კურსს – ბრძოლას საერთაშორისო თუ რეგიონულ ტერორიზმთან.
ისრაელს ახლა პარტნიორების თანადგომა სჭირდება. ისრაელის ელჩი საქართველოში აღნიშნავს, რომ საქართველო მხარს უჭერს ისრაელს და ეს შეუმჩნეველი არც ისრაელისთვის იქნება. ისრაელ-პალესტინის კონფლიქტს რთული წინა პირობები აქვს და პროცესის არასწორად შეფასება შესაძლოა ცეცხლზე ნავთის დასხმა აღმოჩნდეს.
ასევე უნდა გავითვალისწინოთ არა მარტო ჩვენი ებრაელი პარტნიორების, არამედ ისლამური სამყაროს, ჩვენი უმცირესობის დამოკიდებულება ამ პრობლემის მიმართ. ისრაელის სახელმწიფო საერთაშორისო სამართლის სუბიექტია, რომელიც რეგიონში გადარჩენისთვის იბრძვის. მას ბევრი აკრიტიკებს მილიტარისტული პოლიტიკის გამო, მაგრამ მას სხვა გზა არა აქვს, რეგიონში არსებულ თითქმის ყველა ძალას მისი განადგურება სურს.
თუმცა ისრაელის მიმართ სოლიდარობაც ფრთხილად უნდა გამოვხატოთ, რათა ვინმემ ისლამოფობიურ პოზიციად არ ჩაგვითვალოს.
ამ დღეებში არაერთხელ მოვისმინე, პალესტინელი ბავშვები არ გახსოვთო? ასეთი შედარება არაადამიანობაა, რადგან “ჰამასი” ტერორში აცხოვრებს თავის მოსახლეობას და მათი სიცოცხლით ბოროტად თამაშობს. ყველა დაღუპული სიცოცხლე, განსაკუთრებით ბავშვის, ტრაგედიაა, მაგრამ უსამართლობაა ისრაელს ვინმემ უთხრას, არსებობის უფლება არა გაქვსო.
– ერთ-ერთი ვერსიით, რუსეთი ეხმარება პალესტინას, რათა ისრაელის დასუსტებით ახლო აღმოსავლეთში გაიძლიეროს გავლენა.– ამ ვერსიას აქვს არსებობის უფლება. ცივილიზებული მსოფლიოსგან განსხვავებით, რუსეთი “ჰამასსა” და “ჰეზბოლას” ტერორისტულ ორგანიზაციად არ აღიარებს, წინააღმდეგობის მოძრაობებად მიიჩნევს და მათთან პარტნიორული ურთიერთობა აქვს.
“ჰამასი” ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც 2008 წელს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებას მიესალმა. პალესტინის სახელმწიფოს შექმნას გაეროში ჩვენც დავუჭირეთ მხარი, თუმცა ეს არ ნიშნავს “ჰამასის” მიმართ ლოიალურ დამოკიდებულებას.
ასე რომ, აშკარად ჩანს, რომ რუსეთსა და ისრაელის მოწინააღმდეგეებს მეტი საერთო აქვთ, ვიდრე განმასხვავებელი. ბევრი რამ გასაიდუმლოებულია, მაგრამ ვარაუდები და ფაქტობრივი გარემოებები არსებობს.
– სამხრეთ კავკასიაზეც გკითხავთ. არსებული ინფორმაციით, აზერბაიჯანმა სომხეთისკენ საზღვარი გადასწია. ითქვა, რომ ამ გადაწყვეტილებას ის დამოუკიდებლად არ მიიღებდა.– ეს ნიშნავს, რომ ყარაბაღის მეორე ომი არ დასრულებულა, სომხურ-აზერბაიჯანულ კონფლიქტის ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშალა.
შეიძლება აზერბაიჯანს სუნიკის რეგიონის სრულად ათვისება სურს, რათა თავის დასავლეთ ანკლავთან, ნახიჭევანთან პირდაპირი სახმელეთო წვდომა ჰქონდეს. აზერბაიჯანი კონფლიქტის ზონის ზღვარს კვეთს და სომხეთის ტერიტორიაზე შედის, რაც ახალი დაპირისპირების კერას აჩენს.
ბუნებრივია, ამას მოჰყვა სომხური შეიარაღებული ძალების კონცენტრაცია იმ ადგილას. ოფიციალურმა ერევანმა მიმართა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას, ე.წ. ოდეკაბეს და მის რეაგირებას ელოდება. ეს რუსეთისთვისაც გამოწვევა იქნება, რადგან ერთ მხარეს არის მისი პარტნიორი აზერბაიჯანი, მეორეზე კი მოკავშირე სომხეთი და ოდეკაბეს წევრი. ახლა მოსკოვის ნებისმიერი ქმედება სარისკოა|: თუ აზერბაიჯანს უკან დახევას არ აიძულებს, სომეხ საზოგადოებაში რუსეთით იმედგაცრუება უფრო გაღრმავდება. იმავდროულად, თუ ამას ეცდება, შესაძლოა რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობა დაიძაბოს, რაც უფრო გააძლიერებს აზერბაიჯანში თურქეთის გავლენას და ის სამხრეთ კავკასიაში უფრო კონკურენტული გახდება.
ასე რომ, ეს დაპირისპირება მხოლოდ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის კი არა, რეგიონში მოთამაშე ძალებს შორის ხდება. ეს არის რუსეთისა და თურქეთის კონკურენცია რეგიონში ჰეგემონობისთვის.
– საქართველო სად არის ამ სიტუაციაში?– ამ პროაქტიულ საგარეო პროცესებში ჩვენი ქვეყანა იზოლირებული ქვეყნის შთაბეჭდილებას ტოვებს. მმართველი გუნდი და ოპოზიცია ვერ იცლიან საფრთხეების გასაანალიზებლად. არადა, სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირება საფრთხეს უქმნის საქართველოს არა მარტო ეკონომიკურად, პოლიტიკურადაც. ამასთან, მოგვიწევს დავიცვათ ოქროს შუალედი, რათა არც ერთი მეზობელი არ გავანაწყენოთ.
საქართველოს სჭირდება მყარი ნეიტრალური პოზიცია, იმავდროულად კი სტაბილურობა რეგიონში. ამაზე უნდა ვესაუბრებოდეთ ჩვენს მეზობლებსაც, სტაბილურობა მათაც სჭირდებათ. საქართველო უნდა ქმნიდეს რეგიონში მდგრადი განვითარების დღის წესრიგს და ამისკენ უნდა ვუბიძგებდეთ ორივე მეზობელს.
ასევე უნდა ვცდილობდეთ დასავლეთი რეგიონით უფრო დავაინტერესოთ. დასავლელი პარტნიორების შეხვედრებზე, ნატოს მინისტერიალზე თუ საერთაშორისო უსაფრთხოების სხვა ფორუმზე მხოლოდ შავი ზღვის აუზის კი არა, კასპიის აუზის უსაფრთხოებაზეც უნდა ვაკეთებდეთ აქცენტს.
ვხედავთ, თუ როგორ ძლიერდება რეგიონში თურქეთისა და რუსეთის პოზიციები. რომელიმე მათგანის ზედმეტად გაძლიერებამ შესაძლოა საქართველოს სახელმწიფოს ინტერესები დააზარალოს. რეგიონული ბალანსი ისედაც დარღვეული იყო მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოს ინტერვენცია მოახდინა და მის პირისპირ, მარტონი, სტატუს-კვოს შენარჩუნებას ვერ შევძლებთ.
ახლა აქტიური კომუნიკაცია უნდა გვქონდეს დასავლეთთან, რათა ვაჩვენოთ, რომ ამ რეგიონში ლიბერალური დემოკრატიის ერთადერთი კუნძული ვართ და მას დაცვა სჭირდება. საქართველო არის მათთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, ერთადერთი საიმედო პარტნიორი. უნდა გამოვკვეთოთ ჩვენი საგარეო ფუნქცია, რომელიც იმაზე მეტია, ვიდრე სატრანზიტო დერეფანი ნახშირწყალბადური რესურსებისთვის, ამას კი მმართველი გუნდისა და ოპოზიციის ერთობლივი მუშაობა სჭირდება. ამისთვის უნდა მოვიცალოთ, თორემ ასეთი შესაძლებლობა ყოველთვის არ მოგვეცემა.
Discussion about this post