რუსულ გაზეთ “იზვესტიაში” (“Изветия”) სათაურით “ექსპერტის აზრი: რუსეთიდან საქართველოში მასობრივი ტურისტული ნაკადი არ იქნება” გამოქვეყნებულია საუბარი ტურისტული დარგის ექსპერტთან – ალექსან მკრტჩიანთან, რომელიც ეხება 2021 წლის საზაფხულო ტურისტულ სეზონს და რუსი ტურისტების საქართველოში მოგზაურობის შესაძლებლობაზე ლაპარაკობს.
კითხვაზე – იქნება თუ არა ტურისტული ნაკადი რუსეთიდან საქართველოში, 2019 წლის მსგავსად, როცა ტურისტთა რაოდენობამ პიკს მიაღწია – ალექსან მკრტჩიანი პასუხობს:
“რუსეთიდან საქართველოში მასობრივი ტურისტული ნაკადი არ იქნება, იმიტომ, რომ ქვეყნებს შორის საჰაერო მიმოსვლა ჯერ კიდევ აკრძალულია, საავტომობილო გზები კი ნაკლებად არის მოხერხებული საერთაშორისო ტურიზმისათვის. უფრო მეტიც – ჩვენ საქართველოსთან სარკინიგზო მიმოსვლაც კი არ გვაქვს და ამის მიზეზი ისევ პოლიტიკურ სიტუაციაში იმალება. ასე რომ, ცხადია, რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ დამოუკიდებლად გაემგზავრნონ საქართველოში ავტომანქანებით, მაგრამ რამდენიმედღიანი მგზავრობა და შემდეგ – ორი ქვეყნის სასაზღვრო-გამსვლელ პუნქტებზე ისევ რამდენიმესაათიანი ლოდინი მათ განწყობაზე ნეგატიურ გავლენას მოახდენს. რა თქმა უნდა, ვიღაც ყველა შემთხვევაში წასვლას მაინც გადაწყვეტს, მაგრამ ეს არ იქნება მასობრივი ტურიზმი.
საქართველოში არსებობს ძალიან კარგი საზღვაო კურორტი ბათუმი, რომელიც რუსი ტურისტებისთვის ძალიან მოთხოვნადი გახდებოდა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლა აღდგება. სხვათა შორის, ბათუმში დასვენების ღირებულება აფხაზეთში დასვენების ღირებულებას უთანაბრდება, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ ქართული კურორტების სერვისი და ინფრასტრუქტურა შეუდარებლად მაღალია და საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება”.
Discussion about this post